თეგი: რიგგარეშე არჩევნები

ცოტა მიამიტობაა, თუ ვინმეს ჰგონია, რომ რაიმე პროგრესს შეიძლება, რიგგარეშე არჩევნების გარეშე მივაღწიოთ - სააკაშვილი

ცოტა მიამიტობაა, თუ ვინმეს ჰგონია, რომ რაიმე პროგრესს შეიძლება, მივაღწიოთ რიგგარეშე არჩევნების გარეშე, ან გარდამავალი ეროვნული თანხმობის მთავრობის გარეშე, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს. მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილის მთავარი ამოცანა სწორედ, რიგგარეშე არჩევნებიდან სხვა თემებზე ყურადღების გადატანაა. „ყოველი დღე რუსების ყოფნისა საპარლამენტო უმრავლესობაში, ძალიან საშიშია საქართველოსთვის. პოლიტიკოსებს სჭირდებათ მეტი რწმენა საკუთარ თავში და ხალხის გამარჯვებაში. ახლა ივანიშვილის მთავარი ამოცანაა სწორედ, რიგგარეშე არჩევნებიდან სხვა თემებზე ყურადღების გადატანა. მთლიანად ვიზიარებ გიორგი მარგველაშვილის პოზიციას. ყველას გვჭირდება დიალოგი და მოსმენა, ურთიერთშეთანხმება. ევროპარლამენტის წევრთა უმრავლესობა პირდაპირ მიგვანიშნებდა, რომ რიგგარეშე არჩევნები არის ერთადერთი გადარჩენა. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ძალიან სახიფათო გეოპოლიტიკურ გარემოში ვიმყოფებით. ამიტომ, მოწინააღმდეგეზე უფრო ორგანიზებული, მოქნილი უნდა ვიყოთ და ხალხმა ხელიდან არ უნდა გაუშვას ინიციატივა. ვინაიდან, არ ვგეგმავ ქართულ პოლიტიკაში მონაწილეობას, ნამდვილად არ მაქვს პრეტენზია, რომ ვფლობ ზუსტ რეცეპტს, მაგრამ ახლა პოლიტიკური მიმოხილვების დრო ნამდვილად არაა - ყველა მუდმივად უნდა ვეძებდეთ გამოსავალს და იმაზე მალე ვიპოვით, ვიდრე გვგონია. აუცილებლად გვჭირდება საკოორდინაციო საბჭო. გვახსოვდეს ყველას, რომ ოლიგარქმა აირჩია წაგებული ბანაკი რუსეთის სახით და ესეც ამყარებს ხალხის პოზიციებს და აჩქარებს მის გამარჯვებას”, - წერს მიხეილ სააკაშვილი. შეგახსენებთ, 6 თებერვალს, სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი პატიმრობაში დატოვა. მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისიდან მკურნალობს. უკრაინის მოქალაქეს, მიხეილ სააკაშვილს ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს დააკავეს. დაკავების დღესვე სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს, 19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა პროტესტი შეწყვიტა მას შემდეგ, რაც ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, საიდანაც რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 30 დეკემბერს დააბრუნეს.  

ცესკო ეტლით მოსარგებლე ამომრჩევლებს მიმართავს

29 აპრილის შუალედურ/რიგგარეშე არჩევნებამდე ზუსტად ორი კვირა რჩება და საარჩევნო ადმინისტრაცია აგრძელებს აქტიურ მუშაობას იმისათვის, რომ არჩევნები მაღალ დონეზე, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ჩატარდეს. ინფორმაციას ცესკო-ს პრესსამსახური ავრცელებს. როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე ცესკო-ს პრეს-სპიკერმა, ნათია იოსელიანმა განაცხადა, 29 აპრილის არჩევნები განსაკუთრებული მნიშვნელობისაა, რადგან წელს ელექტრონული ტექნოლოგიები ფართო მასშტაბით პირველად იქნება გამოყენებული და საარჩევნო ადმინისტრაცია მოუწოდებს ამომრჩევლებს აქტიურად ჩაერთონ პროცესში. „საარჩევნო ადმინისტრაცია არსებული პრაქტიკის შესაბამისად ამომრჩეველს ამ არჩევნებისთვისაც არაერთ სერვისს სთავაზობს. დღეს მინდა, შეგახსენოთ ინფორმაცია იმ სერვისებისა და ვადების შესახებ, რომელიც გადასატანი ყუთისა და ადაპტირებული საარჩევნო უბნის მოთხოვნას უკავშირდება. 29 აპრილის არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად, ეტლით მოსარგებლე ამომრჩევლებს, რომლებიც მონაწილეობას იღებენ შუალედურ არჩევნებში, შეუძლიათ, მოითხოვონ შესაბამისი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე არსებული ნებისმიერი ადაპტირებულ/მისაწვდომი საარჩევნო უბანი. ამისათვის მათ არაუგვიანეს 21 აპრილის 18:00 საათამდე, უნდა მიმართონ შესაბამის საოლქო ან საუბნო საარჩევნო კომისიას, ან დაუკავშირდნენ ცესკო-ს კონტაქტ-ჰაბს ტელეფონის ნომერზე – 2 51 00 51 და მოითხოვონ მათთვის სასურველი ადაპტირებული საარჩევნო უბანი. იგივე პროცედურა, იგივე ვადებში უნდა გაიაროს იმ ეტლით მოსარგებლე ამომრჩევლებმა, რომლებიც მონაწილეობას იღებენ რიგგარეშე არჩევნებში. მათ შესაძლებლობა აქვთ არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად მოითხოვონ შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის ტერიტორიაზე არსებული ნებისმიერი ადაპტირებული/მისაწვდომი საარჩევნო უბანი. აღსანიშნავია, რომ ეტლით მოსარგებლე ამომრჩეველს ცესკო-ს ვებგვერდზე განთავსებულ „საარჩევნო რუკაზე“ შეუძლია ნახოს დეტალური ინფორმაცია და ფოტოები კონკრეტული საარჩევნო ოლქის სამოქმედო ტერიტორიაზე არსებული ადაპტირებული/მისაწვდომი საარჩევნო უბნების შესახებ. ცესკო-ს ვებგვერდზე ხელმისაწვდომია ინფორმაცია როგორც მარტივი ადაპტაციის, ისე პანდუსის მქონე 69 საარჩევნო უბნის შესახებ, რომელიც 29 აპრილის არჩევნებისთვის იფუნქციონირებს. მივმართავთ ეტლით მოსარგებლე ამომრჩევლებს, სურვილის და საჭიროების შემთხვევაში, შეარჩიონ მათთვის ყველაზე ხელსაყრელი ადაპტირებული საარჩევნო უბანი და ინფორმაცია დროულად მიაწოდონ შესაბამის საარჩევნო კომისიას. რაც შეეხება გადასატანი საარჩევნო ყუთის მოთხოვნას. ამომრჩეველს, რომელსაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ შეუძლია კენჭისყრის შენობაში მისვლადა იმყოფება ამავე საარჩევნო უბნის ტერიტორიაზე, შესაძლებლობა აქვს მოითხოვოს გადასატანი საარჩევნო ყუთი. ამისათვის მან უნდა მიმართოს შესაბამის საუბნო საარჩევნო კომისიას21 აპრილის 18:00 საათამდე. აღსანიშნავია, რომ ამ არჩევნებზე პირველად მოხდება იმ ამომრჩევლების მარკირება, რომლებიც ხმას მისცემენ გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით“, – განაცხადა ნათია იოსელიანმა. შეგახსენებთ, 29 აპრილს საქართველოს პარლამენტისა და მუნიციპალიტეტის საკრებულოების შუალედური, ასევე მერების რიგგარეშე არჩევნები გაიმართება. ამომრჩევლები აირჩევენ: საქართველოს პარლამენტის ფოთი-სენაკი-ხობის მაჟორიტარ დეპუტატს, გურჯაანის, თიანეთის, ახალციხის, ტყიბულის, ქუთაისის საკრებულოების მაჟორიტარ დეპუტატებს, ასევე ცაგერისა და თერჯოლის მერებს.  

ცესკო-ს მონაცემებით, 10 მუნიციპალიტეტში მიმდინარე არჩევნებზე 15:00 საათისთვის აქტივობამ 20,25 % შეადგინა

საქართველოს რეგიონებში მიმდინარე შუალედურ და რიგგარეშე არჩევნებზე, ყველა ოლქის მასშტაბით, 15:00 საათის მონაცემებით, ამომრჩეველთა აქტივობამ 20,25 % შეადგინა. საქართველოს 10 მუნიციპალიტეტში შუალედური/რიგგარეშე არჩევნები იმართება ამ დროისთვის საკუთარი არჩევანი რეგისტრირებული 185 056 ამომრჩევლიდან 37 695-მა უკვე დააფიქსირა. რაც შეეხება კონკრეტულ ოლქებს, 15:00 საათისთვის ყველაზე მაღალი აქტივობა ცაგერში იყო, სადაც ხმა 3 904-მა ამომრჩეველმა მისცა, რაც საერთო რაოდენობის 37,2 %-ია, 25%-იანი აქტივობა (930 ამომრჩეველი) დაფიქსირდა გურჯაანში, თიანეთში 26,1 % (231 ამომრჩეველი), ახალციხეში 33,5 (328 ამომრჩეველი), თერჯოლაში 24,6 % (7 946 ამომრჩეველი), ტყიბულში 19,3 % (1 093 ამომრჩეველი), ქუთაისში 13,3 (3 432 ამომრჩეველი), სენაკში 17,9 % (6 858 ამომრჩეველი), ხობში 23,7 (6 294) ამომრჩეველი. ფოთში 15:00 საათისთვის ხმა 6 679-მა ამომრჩეველმა მისცა, შესაბამისად აქტივობამ 16,5 % შეადგინა.  

საოლქო კომისიაში ერთი საჩივარია შესული - ფოთის 70-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე

ფოთის 70-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, სალომე როდონაიას ინფორმაციით, საოლქო კომისიაში ერთი საჩივარია შესული. საქართველოს 10 მუნიციპალიტეტში შუალედური/რიგგარეშე არჩევნები იმართება „ამ დროისთვის ფოთის საოლქო საარჩევნო კომისიაში შემოსულია ერთი საჩივარი და ეს არის „სამართლიანი არჩევნების“ საჩივარი, რომელშიც კონკრეტულად მითითებული არის, რომ ამომრჩეველმა ბიულეტენი ვერ მოათავსა ხმის დამთვლელ აპარატში და მას დაეხმარა სადამკვირვებლო ორგანიზაციის წარმომადგენელი. საოლქო კომისია განიხილავს ამ საჩივარს შესაბამის ვადებში. რაც შეეხება უბნებზე ვითარებას, 06:45 საათზე ყველა უბანი იყო გახსნილი, ყველა პროცედურა, რაც დაკავშირებული იყო წილისყრის პროცედურებთან, ჩატარდა კანონის დაცვით, ხოლო რაც შეეხება ელექტრონულ ტექნოლოგიებს, იყო მცირედი ტექნიკური ხარვეზები, თუმცა ამას არანაირი გავლენა არ მოუხდენია შედეგებზე ამ დროისთვის და ჩვეულებრივად, ყველა საარჩევნო უბანზე პროცესი მიმდინარეობს მშვიდ გარემოში”, – განაცხადა სალომე როდონაიამ.